Skip to Content
Course content

სკოლისა და საბავშვო ბაღის პერსონალის ეთიკის პრინციპები ემიგრანტი მშობლების სამშობლოში მყოფ შვილებთან მიმართებით

ეთიკის პრინციპები ემიგრანტი მშობლების სამშობლოში მყოფ შვილებთან მიმართებით

ბავშვებზე ზრუნვა მოითხოვს მათი უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვასა და უზრუნველყოფას. მასწავლებლების საქმიანობა არამარტო ცოდნის გადაცემას, არამედ ეთიკური სტანდარტების დაცვასაც გულისხმობს.

ემიგრანტი მშობლების შვილები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, რადგან მათ ემოციური და სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ მშობლის არყოფნის პერიოდში. სწორედ ამიტომ, მასწავლებლებს/საბავშვო ბაღის აღმზრდელებს და სკოლისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს ევალებათ განსაკუთრებული სიფრთხილითა და ეთიკის ნორმების დაცვით მუშაობა, რათა ბავშვების მიმართ საუკეთესო ინტერესების დაცვა იყოს პრიორიტეტი.

თუ სკოლაში/საბავშვო ბაღში არ არის გაწერილი ეთიკის სტანდარტები, ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელს არ აქვს მათი დაცვის ვალდებულება. ეთიკის დაცვა ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, უსაფრთხოებას და ნდობის გაძლიერებას სკოლის/საბავშვო ბაღის გარემოს მიმართ.


საიმედოობა

სანდოობა და საიმედოობა აყალიბებს ნდობას, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ ურთიერთობაში, მით უფრო, თუკი საკითხი ბავშვს ეხება. მიგრანტი მშობლების სამშობლოში მყოფ შვილებთან დაკავშირებით ბევრი მხარეა ჩართული, მშობელი (ონლაინ) ზოგჯერ ორივე, ზოგჯერ ერთი მშობელი ადგილზე და ერთი ემიგრაციაში, ბავშვზე მზრუნველი პირები (ბებია, ბაბუა), ზოგჯერ გაფართოებული ოჯახის წევრები და რაც მთავარია, თავად ბავშვი. 

საიმედოობის მთავარი საფრთხე ტყუილია, რომელიც შეიძლება აღმზრდელმა გამოიყენოს ერთი შეხედვით ბავშვის დასაცავად, ე.წ. „მისი სიკეთისთვის“, თუმცა ამგვარი მოპყრობა ანგრევს ნდობას და ბავშვს უქმნის განცდას, რომ საფრთხის შემცველ გარემოშია, სადაც ადამიანები, რომელთა იმედიც უნდა ჰქონდეს, მასთან გულწრფელნი არ არიან. 


პატივისცემა და მონაწილეობა

მოსწავლის ინდივიდუალობის პატივისცემა ნიშნავს, რომ მასწავლებელი უნდა გაითვალისწინოს მისი პიროვნული მახასიათებლები, ემოციური მდგომარეობა და განვითარების დონე. მათი ასაკისა და განვითარების თავისებურებების გათვალისწინება, ინფორმირებულობა და ემოციური მხარდაჭერა ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ბავშვი არა მხოლოდ ვითარდება, არამედ გრძნობს, რომ იგი დაფასებულია და მის საჭიროებებს ყურადღება ექცევა. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ბავშვის ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობასა და მომავალში მისი ნდობისა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას.

ინდივიდუალობა

ყველა ბავშვი უნიკალური პიროვნებაა თავისი საჭიროებებით, ინტერესებითა და განვითარების ტემპით. მასწავლებლის ამოცანაა, აღიაროს თითოეული ბავშვის უნიკალურობა და ინდივიდუალური თვისებები, რათა უზრუნველყოს მათი პატივისცემა და სრულფასოვანი განვითარება. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ბავშვის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალურად მორგებული, ასაკისა და პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით.

ღირსება

ბავშვის ღირსების პატივისცემა უმნიშვნელოვანესი პრინციპია საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მისი გრძნობები, აზრები და პერსპექტივები დაფასებულია და აღიარებულია. ბავშვის მოუსმენამ და მისი ხედვების გათვალისწინებამ შესაძლოა გააძლიეროს მისი ნდობა გარემოსა და აღმზრდელის მიმართ, ასევე წაახალისოს ბავშვის თავისუფალი თვითგამოხატვა და ემოციური განვითარება.

ინფორმირებულობა

 ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი ასპექტია. მასწავლებლის მთავარი პასუხისმგებლობაა, ბავშვი იყოს ინფორმირებული ყველა იმ პროცესსა და მოვლენაზე, რომლებიც მის ცხოვრებას ეხება. ინფორმირების პროცესი უნდა მოხდეს ბავშვის ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მარტივი და გასაგები ფორმით. ეს მოიცავს: 

  1. პროცესების ახსნას - ბავშვს უნდა აუხსნან, რატომ და როგორ მიმდინარეობს მის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები ან გადაწყვეტილებები.
  2. გამჭვირვალობას -  ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მას აქვს უფლება იცოდეს ის, რაც მასზე გავლენას ახდენს.
  3. დასაბუთებულ კომუნიკაციას - ბავშვთან კომუნიკაცია უნდა იყოს სანდო და პატივისცემით გაჯერებული.


Rating
0 0

There are no comments for now.

to be the first to leave a comment.