Skip to Content
Course content

თემის შესავალი

შრომითი მიგრაცია, ადამიანების გადაადგილება სამუშაოდ, არის დიდი ხნის ფენომენი, თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო მიგრაცია და შრომითი მიგრაცია უფრო აქტუალური გახდა. ამის მიზეზი იყო გლობალიზაცია, დეკოლონიზაცია, ტრანსნაციონალური კავშირების გაძლიერება და ეკონომიკური უთანასწორობები. შესაბამისად, ჩნდება კვლევები შრომითი მიგრაციის, გამომწვევი მიზეზების, და ისეთი თანხმლები მოვლენებისა თუ გამოწვევების შესახებ, როგორებიცაა ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია, დიასპორების ჩამოყალიბება, იდენტობის ფორმაცია და ტრანსფორმაცია, ფულადი გზავნილები და სხვა. თუმცა,  ემიგრანტები​ს სამშობლოში  მყოფი ბავშვების ფენომენი მიგრაციის კლევევბში შედარებით გვიან ჩნდება და ცოდნა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში, ჯერ კიდევ საკმაოდ მწირია - თუ სამხრეთ აზიაში, კერძოდ, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში შედარებით ხშირად გვხვდება კვლევები სამშობლოში დარჩენილი ბავშვების თემაზე, სხვა რეგიონებში ცოდნის ნაკლებობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტმა 2020 წელს შეიმუშავა რეზოლუცია - „შრომითი მიგრაციის გავლენა ემიგრანტების ბავშვებზე“. მასში აღნიშნულია, რომ სიღარიბით გამოწვეულ შრომით მიგრაციას დამანგრეველი ზემოქმედება აქვს სამშობლოში დარჩენილ ბავშვებზე, რომლებიც ხშირად მოკლებულნი არიან საბაზისო ზრუნვას, დაცვას და მხარდაჭერას და რომ ამ ფენომენის მასშტაბები ზოგიერთ ქვეყანაში საგანგაშოა. მიუხედავად ამისა, სამშობლოში მყოფი ბავშვები, ძირითადად, უხილავი რჩებიან საჯარო დისკურსსა და პოლიტიკის შემუშავებაში და სახელმწიფოები არც შესაბამის სტატისტიკას აწარმოებენ.  საბჭოს ასამბლეა გმობს როგორც მიგრაციის წარმოშობის, ასევე დანიშნულების ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, სადაც შრომითი მიგრაციის გაძლიერებას უმეტესად მოთმინებით ან უგულებელყოფით ხვდებიან. ქვეყნების ნაწილი ამ პროცესს განიხილავს, როგორც მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს (ფულადი გზავნილების სახით) ან იაფი და მოქნილი მუშახელის მოზიდვის შესაძლებლობად. თუმცა, მილიონობით ბავშვის მშობლების გარეშე დატოვება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევაა და ჩვენი ქვეყნების სტაბილურობასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის.

Rating
0 0

There are no comments for now.

to be the first to leave a comment.